ირაკლი ჩავლეიშვილი - დღევანდელ ფაქტს მე როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს
ირაკლი ჩავლეიშვილი - დღევანდელ ფაქტს მე როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს

დღევანდელ ფაქტს მე როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს, – ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტი.

ჩავლეიშვილი მომხდარის გამო არ აპირებს, პოლიციას მიმართოს, პასუხისმგებლობას კი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

„ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მაშინ რომ არ ყოფილიყო პრეცედენტები, დღეს ეს მდგომარეობა არ იქნებოდა. საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრება გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს. ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში შევალთ და ვერც ევროკავშირში. „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი როცა პირველ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. მე ამ ქალაქში საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.