ირაკლი ბუღრიძე - დეკემბრამდე მოვიცდი, თუ ვითარება არ შეიცვალა, „ბეერსხოტიდან“ წავალ
ირაკლი ბუღრიძე - დეკემბრამდე მოვიცდი, თუ ვითარება არ შეიცვალა, „ბეერსხოტიდან“ წავალ

დეკემბრამდე მოვიცდი, თუ ვითარება არ შეიცვალა და ისევ უთამაშებელი ვიქნები, კლუბს დავტოვებ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა და ბელგიის „ბეერსხოტის“ ფეხბურთელმა, ირაკლი ბუღრიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

21 წლის თავდამსხმელი იანვარში ბელგიის „ბ“ დივიზიონის „ბეერსხოტში“ ჩაირიცხა, მაგრამ იშვიათად ათამაშებენ და კლუბის შეცვლა ამიტომ გადაწყვიტა.

მისი თქმით, ყველაფერი ახალ წლებამდე გადაწყდება.

„გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეინ ვრევენი იშვიათად მათამაშებს. სეზონის დაწყებიდან მოედანზე მხოლოდ ორჯერ შემიყვანა. ასეთი რამ კი არ მაწყობს, თამაში და გაზრდა მინდა. გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს. მაგრამ დეკემბრამდე მოვიცდი და განათხოვრებით სხვა კლუბში გადავალ. არაა გამორიცხული, ჩვენი მთავარი მწვრთნელი მოხსნან. ასეთ შემთხვევაში, დავრჩები და ჩემს შანსს დაველოდები. მოკლედ, ყველაფერი დეკემბერში გადაწყდება“, – განაცხადა ბუღრიძემ.

ირაკლი ბუღრიძე გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა, რომელიც „ევრო 2021“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრისთვის მოემზადება. გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ორი მატჩი მოიგო და ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს. ბუღრიძემ ამ შეხვედრებში ორი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი