ირაკლი ბერაიამ და ტომ ტუგენდჰატმა სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და გატარებული ღონისძიებები განიხილეს
ირაკლი ბერაიამ და ტომ ტუგენდჰატმა სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და გატარებული ღონისძიებები განიხილეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომ ტუგენდჰატს ტელეფონით ესაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

ამასთან, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, მათი გაღრმავების პერსპექტივებზე და მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში.

„საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებსა და ოკუპანტი სახელმწიფოდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, აგრესორი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

საუბრისას აღინიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობა, ხელისუფლების მიერ გატარებული ამბიციური დემოკრატიული რეფორმები. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.