ირაკლი ბერაია - რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ნაკლები უფლება აქვს, ოკუპაციაზე ისაუბროს 
ირაკლი ბერაია - რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ნაკლები უფლება აქვს, ოკუპაციაზე ისაუბროს 

უკანონო დაკავებების ფაქტები შემაშფოთებელია. ეს არის უკანონო და პროვოკაციული ქმედებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, საქართველოს ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას თქმით, ყოველი ასეთი შემთხვევისთანავე ხდება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და ამ პროცესებში მათი აქტიური ჩართვა.

„მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, რომ ყველა შემთხვევაზე მოხდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით. საქართველოს ხელისუფლებას უკანონო პატიმრობაში თავისი მოქალაქეები არასდროს დაუტოვებია. ყოველთვის იმას ვაღწევდით, რომ დაკავებული ადამიანები გათავისუფლებულები ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, ვინც პატიმრობაში რჩება, მათი გათავისუფლების მიზნით, ყოველ დღე ხელისუფლება მათი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ყველაფერს აკეთებს.

რაც შეეხება ოპონენტებს, არ მგონია, მათ ბრალდებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება იყოს შესაძლებელი. რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე ნაკლები უფლება აქვს, ოკუპაციაზე ისაუბროს, რადგან ჩვენი რეგიონების ოკუპაცია ის მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას ერგო მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და ვზრდით ზეწოლას საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით რუსეთის ფედერაციაზე. ამოქმედებულია პოლიტიკური ზეწოლის ინტრუმენტები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არის საქართველოს ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტია იმ პრობლემების საპასუხოდ, რომელიც შექმნილია ოკუპაციის პირობებში“, – განაცხადა ბერაიამ.