ირაკლი ბერაია - სუს-ის სახით საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის გამოწვევების განეიტრალება
ირაკლი ბერაია - სუს-ის სახით საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის გამოწვევების განეიტრალება

2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს იყო სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მასშტაბური რეფორმის შედეგი, რომელიც მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. იმ რეფორმის შედეგი, რასაც საფუძვლად დაედო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები და პრიორიტეტები, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

„ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულმა ამ უმნიშვნელოვანესმა ნაბიჯმა, მოახდინა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გადააზრება და ეფექტიანობის მნიშვნელოვნად ამაღლება. დღეს, სამსახურის ჩამოყალიბებიდან 6 წლის თავზე, შეიძლება სიამაყით ითქვას, რომ სუს-ის სახით, საქართველოს ჰყავს თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებული დასავლური სპეცსამსახური, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის გამოწვევების განეიტრალება და ასევე, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესების დაცვა. ის რაც უსაფრთხოების სამსახურს გამოარჩევს, არის პროდუქტიულობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი და ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობა. სამსახურის საქმიანობა მუდმივად უმაღლეს დონეზე ფასდება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

ხაზგასმას იმსახურებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და სუს-ს შორის მჭიდრო, პრაქტიკულად ყოველდღიური და ამავდროულად უპრეცედენტო მასშტაბის თანამშრომლობა. კანონმდებლები ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ სამსახურს გააჩნდეს ნაყოფიერი საქმიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი დაფინანსება და მასზე ხორციელდებოდეს ეფექტიანი ზედამხედველობა.

ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – ოფიცრებს, სამოქალაქო პირებს, ღია და ფარულ შემადგენლობას – ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების დაცვის წინა ხაზზე მყოფ ღირსეულ პროფესიონალებს. განსაკუთრებულ პატივისცემას და მხარდაჭერას ვუდასტურებ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი სამსახურისთვის. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ივანე გოლაშვილის და ყველა გმირის ხსოვნის წინაშე.

მადლობას ვუხდი სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლიანი ლიდერობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის ამოცანების შესრულებაში. მადლიერებას გამოვხატავ ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ჩამოაყალიბა უსაფრთხოების სამსახური, აქცია იგი სანდო პარტნიორად და უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლების განმტკიცებაში“, – წერს ბერაია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის პირველ აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

დატოვე კომენტარი