ირაკლი ბერაია - საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობა ქვეყნების საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ერთმანეთის მიმართ მაღალ ნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება
ირაკლი ბერაია - საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობა ქვეყნების საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ერთმანეთის მიმართ მაღალ ნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის სატელეფონო საუბარი მიუთითებს ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მასშტაბებზე და სიმტკიცეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს.

როგორც ირაკლი ბერაია აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნების საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ერთმანეთის მიმართ მაღალ ნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.

„სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოიცავს სწორედ თავდაცვის სფეროს, სადაც თანამშრომლობა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზეა. გაორმაგებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს საგარეო სამხედრო დაფინანსება, მიმდინარეობს ჩვენი საბრძოლო დანაყოფების ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით და ანტისატანკო სისტემებით აღჭურვა, იმართება ერთობლივი წვრთნები, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ხორციელდება ქართული ბატალიონების მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის, იზრდება თავდაცვის ძალების NATO-სთან თავსებადობის ხარისხი. ჩვენს დღის წესრიგში უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

თავდაცვის უწყებების პირველი პირების დღევანდელი საუბარი და მისი შენაარსობრივი მხარე, კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის და პენტაგონის ახალი ხელმძღვანელობის საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ჩვენი ქვეყნისა და თავდაცვის სისტემის მტკიცე მხარდაჭერას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების წარმატებას და აღიარებას. მეტიც, თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ფაქტობრივად უფლებამოსილების დაწყებისთანავე, მის ქართველ კოლეგასთან მართავს საუბარს, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს და ბევრ რამეზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პენტაგონი და თავდაცვის სამინისტრო თვისობრივად ახალ ეტაპზე გაიყვანენ მზარდ ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას, კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში“,- აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.