ირაკლი ბერაია - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე, ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამას ვეტოს ვერ დაადებს, ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა
ირაკლი ბერაია - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე, ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამას ვეტოს ვერ დაადებს, ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების ყოვლისმომცველ ხასიათს.

ბერაიას თქმით, შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ასევე ორი დღის განმავლობაში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს ნატო-ს შტაბ-ბინაში. მისივე განმარტებით, შეხვედრა გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და ელჩებთან.

„ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატო-ს მომავალ წევრ სახელმწიფოს. ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება. საქართველო ღირსეულად ინაწილებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ტვირთს და მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ევროატლანტიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე და ყველა სამიტი ამ გადაწყვეტილებას იმეორებს. ამას ვერცერთი მესამე სახელმწიფო ვეტოს ვერ დაადებს. ჩვენ ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.