ირაკლი ბერაია - საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან, რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე
ირაკლი ბერაია - საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან, რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე

ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც დღეს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად დაიმალებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კირბალთან მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის საჭიროებას.

„მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით. ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს და რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც დღეს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად ვერ დაიმალებიან. რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს“, – აღნიშნა ბერაიამ.

მისი თქმით, მოვა დრო და რუსეთი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ბერაიას განცხადებით, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„ასევე, უნდა გითხრათ, რომ ძალიან ამორალურია, როდესაც მსგავსი ტრაგედიის გამოყენებას ცდილობენ ვიღაც-ვიღაცები და განსაკუთრებით ისინი, ვისაც ყველაზე ნაკლების თქმის უფლება აქვთ ოკუპაციაზე, ამ ყველაფრის პოლიტიკური ინტერესებითა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენების. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, საერთოდ ენას კბილი დააჭირონ და დადუმდნენ, ნუ საუბრობენ ამ თემაზე. მათ საერთოდ არ აქვთ აღნიშნულ საკითხებზე საუბრის უფლება. ეს არის ის შედეგი, რაც დადგა რუსი ოკუპანტების ძალისხმევით და იმ სუბიექტების ძალისმევით, რომლებმაც ოკუპანტებთან ერთად გააკეთეს რუსული საქმე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.