ირაკლი ბერაია - საქართველო სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა არის უკანონო და მიუღებელი
ირაკლი ბერაია - საქართველო სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი ჩარევა არის უკანონო და მიუღებელი

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რათა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა არის ძალიან მყარი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაია ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.

მისივე თქმით, საქართველო სამაგალითო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ შედეგებს.

„ამას აღიარებს აბსოლუტურად ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და სწორედ ამ წარმატებული ნაბიჯების მხარდასაჭერად არის მობილიზებული ის მასშტაბური დახმარება, რომელიც საქართველოს გამოუყვეს საერთაშორისო, მათ შორის, ევროპელმა პარტნიორებმა. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო არის კანონის უზენაესობისა და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელი.

„გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით, სიხარულითა და ენთუზიაზმით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რათა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი. ამას ჩვენ წლებია, ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.