ირაკლი ბერაია - საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს
ირაკლი ბერაია - საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს

საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო მუდმივად მონაწილეობს ალიანსის სამიტებსა და მინისტერიალებში, რომლებიც სრულდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, ასევე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორ ხორციელდება ისეთი პრაქტიკული თანამშრომლობა, როგორებიცაა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტი და მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომები. ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობა დღეს უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. საქართველო არასდროს ყოფილა ნატო-სთან ისე ახლოს, როგორც დღეს როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო მუდმივად მონაწილეობს ალიანსის სამიტებსა და მინისტერიალებში, რომლებიც სრულდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით“, – თქვა ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ზომები გაიზარდა, რაც იგრძნობა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

„ხვალ ბუქარესტში მინისტერიალი იმართება, სადაც მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები საკმაოდ მკაფიოდ გააჟღერა. ამ მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობა ღრმავდება და მტკიცდება“, – განაცხადა ბერაიამ.