ირაკლი ბერაია - საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
ირაკლი ბერაია - საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას გულისხმობს, სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიის პრინციპების ერთგული.

ირაკლი ბერაიას თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, რომელიც რუსეთთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალს ეხებოდა, აგრეთვე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ამერიკელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ უმძიმესი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის საქმიანობას, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან და უდიდესი საფრთხის მატარებელია. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. კონგრესში გამართული განხილვებისას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისთვის გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაც ამის ნათელი დადასტურებაა. საქართველო და ქართველი ხალხი მადლიერია და განსაკუთრებულად აფასებს ქართული დემოკრატიისა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აშშ-ისა და მეგობარი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე 3 დეკემბერს გამართული მოსმენისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ამასთან, აშშ-ის კონგრესში რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.