ირაკლი ბერაია - რუსული შფოთვები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის წარმატებაზე გავლენას ვერ მოახდენს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს
ირაკლი ბერაია - რუსული შფოთვები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის წარმატებაზე გავლენას ვერ მოახდენს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს

რუსული შფოთვები და რუსული ეიფორია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის წარმატებაზე გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს და ასპირანტი სახელმწიფოებისა და განსაკუთრებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბერაიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი მთელ მსოფლიოს მუქარისა და შანტაჟის ენით ესაუბრება და აღნიშნა, რომ მის შესაკავებლად მხოლოდ განცხადებები და გზავნილები არ არის საკმარისი.

„რუსული შფოთვები და რუსული ეიფორია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის წარმატებაზე გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს და ასპირანტი სახელმწიფოების და განსაკუთრებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაფერხებს. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესი. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთადერთი სწორი გზაა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობის დაცვისთვის. რუსეთი მთელ მსოფლიოს მუქარისა და შანტაჟის ენით ესაუბრება. მის შესაკავებლად მხოლოდ განცხადებები და გზავნილები არ არის საკმარისი. დრო დადგა, როცა მსოფლიომ, დასავლეთმა და ნატო-მ რუსეთს ძალა დაანახვონ და მკაფიოდ დაუხატონ ის მძიმე შედეგები, რაც რუსეთის მიერ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას მოჰყვება სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რუსეთს საკუთარი სამეზობლო და ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით, მისი მოსაზღვრე სახელმწიფოები საკუთარი გავლენის სფეროდ და საკუთარ უკანა ეზოდ მიაჩნია. რა თქმა უნდა, დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთს მკაფიოდ უნდა უთხრან, რომ რუსული აგრესიული ქმედებების ადგილი საერთაშორისო წესრიგში არ არის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნებისმიერ რუსულ უკანონო ქმედებებს ძალიან მკაცრი და პრინციპული რეაქცია მოჰყვება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.