ირაკლი ბერაია - პატარა, მაგრამ ძლიერმა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა საქართველომ, პლანეტაზე ყველაზე დიდ, სასტიკ აგრესორს მოუგო სასამართლო დავა
ირაკლი ბერაია - პატარა, მაგრამ ძლიერმა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა საქართველომ, პლანეტაზე ყველაზე დიდ, სასტიკ აგრესორს მოუგო სასამართლო დავა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტად ამყარებს საქართველოს პოზიციებს დეოკუპაციის მიმართულებით.

„ასევე, არის მძლავრი ინსტრუმენტი როგორც ჩვენს, ისე ჩვენი პარტნიორების ხელში რუსეთზე ზეწოლის და წნეხის გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა ის, რაც უკვე ცნობილი იყო და შექმნა ძალიან მყარი საფუძველი, რუსეთს დააკისრა, დაადგინა პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში და მასობრივი დარღვევისთვის. ეს არის ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტილება. პატარა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერმა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ქვეყანამ, საქართველომ, რომელსაც ჰყავს ძალიან გულანთებული საზოგადოება, პატრიოტი საჯარო მოხელეები, პლანეტაზე ყველაზე დიდ, სასტიკ აგრესორს მოუგო სასამართლო დავა.

რა თქმა უნდა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის, რათა მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახონ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რაც სამი ათწლეულია, ხდება ზოგადად ამ რეგიონში. ამით ჩვენი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, სამშვიდობი პოლიტიკის ფარგლებში, არ დასრულებულა“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ეთხელ ადასტურებს, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა.

„ეს ზეწოლა უნდა იყოს უნივერსალური, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, – დასძინა ირაკლი ბერაიამ.

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეპუტატებს ანგარიშს აცნობს.