ირაკლი ბერაია - პარტნიორების მხრიდან ბაზების გახსნაზე შემოთავაზება არ მიგვიღია, აშშ-ის საელჩომ დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს  საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა
ირაკლი ბერაია - პარტნიორების მხრიდან ბაზების გახსნაზე შემოთავაზება არ მიგვიღია, აშშ-ის საელჩომ დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა

სამწუხაროა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დეზინფორმაციის მორიგი სერია მოვისმინეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბაზების გახსნის თაობაზე შემოთავაზება არ მიგვიღია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი სახის დეზინფორმაცია გამაოგნებელი და შემაშფოთებელია.

„აშშ-ის საელჩომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის საკითხზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა და დაამხო, რისი დამხობაც შეიძლებოდა. ჩვენთვის ამერიკასთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტია, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის განმტკიცება, შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს ბევრ დოკუმენტში წერია და პრაქტიკული ნაბიჯებიც ამაზე მეტყველებს. დინამიკა, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ამის ნათელი მაგალითია. ეს ასევე მოიცავს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის მიზანია, ჩვენი თავდაცვის ძალების უფრო ინსტიტუციური გაძლიერება, ძალთა გენერირების სისტემის დახვეწა და გაძლიერება, ეროვნული წინააღმდეგობის მექანიზმების მხარდაჭერა. ასევე ის შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოსტინის თბილისში ვიზიტის დროს. დეზინფორმაცია არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.