ირაკლი ბერაია - ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებაა, ჩათვალოს, რომ შეგინებულია
ირაკლი ბერაია - ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებაა, ჩათვალოს, რომ შეგინებულია

დამრჩა განცდა, რომ დეპუტატ ოთარ კახიძეს კომიტეტის სხდომიდან წასვლა სურდა და ასეთი კრეატიული საშუალება ამისთვის მოიფიქრა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს მასსა და ოთარ კახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კახიძეს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე მის საუბარში ჩაერთო, კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

„ვსაუბრობდი, მქონდა კომენტარის გაკეთების სურვილი, შემდეგ კითხვის დასმის, რისი საშუალებაც მან არ მომცა, ჩაერთო საუბარში. მივუთითე კორექტულობისკენ, რასაც ინციდენტი მოჰყვა. თუ მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება არის შეგინება, ჩათვალოს, რომ შეგინებულია“, – განაცხადა ბერაიამ.

ამასთან, მისი შეფასებით, კახიძე სწორად მოიქცა, რომ ჩხუბის გამო ბოდიში მოიხადა. ბერაიამ საზოგადოებას ბოდიშის თავადაც მოუხადა.

„ოთარ კახიძე სწორად მოქცეულა, ბოდიში რომ მოიხადა. ჩვენ გვქონდა კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოება საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. რადგან მე ამ პროცესის მონაწილე ვიყავი, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. კახიძემ ბერაიას ფურცლები შეაყარა.  კამათი კომიტეტზე საკითხის განხილვის პროცედურას შეეხებოდა.  შექმნილი ვითარება მანდატურმა განმუხტა. ოთარ კახიძემ ინციდენტის შემდეგ სხდომა დატოვა.