ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ რეგიონებში  ყველა უკანონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებისგან ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა გაიზარდოს
ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ რეგიონებში ყველა უკანონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებისგან ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა გაიზარდოს

ყველა უკანონობაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას თქმით, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა გაიზარდოს.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქის მკვლელობის უმძიმეს ფაქტს. ეს არის ამაზრზენი და შემაშფოთებელი. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის რუსული ოკუპაცია და ამ პრობლემების სხვადასხვა გამოვლინება, რასაც ყოველდღიურად საკუთარ თავზე ყველაზე უმძიმესი, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების სახით ცდის ჩვენი მოსახლეობა.

არცერთი სუბიექტი, რომელიც არის ბრალდებული და შემჩნეული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და სხვა უკანონო აქტივობებში, რომლებიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არცერთი ეს ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი. რა დროც არ უნდა გავიდეს, სადაც არ უნდა წავიდნენ, სამართალი აუცილებლად  მათ ყველგან მიაკითხავს, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

ყველა უკანონობაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას – რუსეთის ფედერაციას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაიზარდოს ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლა. ეს ზეწოლა უნდა იყოს მტკივნეული, უნივერსალური, რათა ოკუპანტმა სახელმწიფომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.