ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერ პროცესს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არავინ აღიარებს და არც შეიძლება, აღიარებდეს
ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერ პროცესს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არავინ აღიარებს და არც შეიძლება, აღიარებდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ნებისმიერ პროცესს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არავინ აღიარებს და არც შეიძლება, აღიარებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება – ყველა უკანონობა და უკანონო პროცესი საოკუპაციო ძალის, რუსეთის ფედერაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

„შესაბამისად, იქ არსებული არანაირი ე.წ. პოლიტიკური სუბიექტი არ არის ლეგიტიმური. ნებისმიერ პროცესს, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ გააჩნია ლეგიტიმაცია, ამას არ აღიარებს არავინ და არც შეიძლება აღიარებდეს. შესაბამისად, ახლა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ერთადერთი სუბიექტი, ვინც უნდა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რაზეც ჯერჯერობით რუსეთი ამბობს უარს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვაგრძელებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში ამ საკითხზე საუბარს, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, ამ ვალდებულების შესრულების მიზნით“, – აცხადებს ირაკლი ბერაია.