ირაკლი ბერაია - ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 
ირაკლი ბერაია - ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურმა სესიამ დაასრულა მუშაობა. ამ სესიას ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ალიანსის მოკავშირეები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი უჭირავს ნატო-ს დღის წესრიგში.

„მოვისმინეთ ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უჭირავს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი ნატო-ს უმაღლეს დღის წესრიგში. გამოვყოფდი იმ რეზოლუციებს, რომლებიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ. რეზოლუციებს, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მოუწოდებენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა, ისევე როგორც ევროატლანტიკური პროცესის მხარდაჭერა. ასევე, ხაზს გავუსვამდი მეორე რეზოლუციას, სადაც საუბარია ეფექტიან იმპლემენტაციაზე, რომლისკენაც ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს“, – განაცხადა ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყველას მხრიდან ხაზგასმით იყო აღნიშნული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის შესახებ.

„ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან. ყველას მხრიდან ხაზგასმით იყო აღნიშნული საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით ყველას მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი წინა პლანზეა წამოწეული, როგორც ნატო-ს, ასევე საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში. ჩვენი ქვეყნისთვის ასამბლეა დასრულდა უმნიშვნელოვანესი ხელშესახები შედეგებით, უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი გზავნილებით, სადაც ალიანსი ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გადახედვას არ ექვემდებარება, არავის აქვს უფლება, ასპირანტების ევროატლანტიკური მისწრაფება ჩაშალოს ან ჩაახშოს. ალიანსი და მისი სახელმწიფოები აძლიერებენ საქართველოს მხარდაჭერას, ისევე როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. რაც მთავარია, ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ საკუთარი მოქმედებების საქართველოსთან კოორდინაციას“, – განაცხადა ბერაიამ.

ამასთან, ირაკლი ბერაიას კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დამაბნეველი გზავნილები ისმის.

„გულწრფელად მინდა, გითხრათ, მსგავსი რამ არც ერთ შეხვედრაზე არ მოგვისმენია. ის, რაც შეხვედრებზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, იყო საქართველოს პროგრესის აღიარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა და სინანული, რომ 2008 წელს საქართველო არ იყო მიპატიჟებული ალიანსში წევრობისთვის. მათი მხრიდან ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ და გადადგამენ ყველა ნაბიჯს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როდესაც წავიკითხე ის განცხადება, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, გაკვირვებული დავრჩი, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ თეონას არ დაუტოვებია „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მონაწილეობს ამ პოლიტიკური სუბიექტის რადიკალურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ბერაიამ.