ირაკლი ბერაია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორივე რეზოლუცია აფიქსირებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მოუწოდებს ალიანსის წევრებს, სწრაფად უზრუნველყონ შესაბამისი ზომების იმპლემენტაცია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ეტყვის მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში, აგრესორ რუსეთს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, რომ ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ასპირანტების ევროატლანტიკურ მისწრაფებას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – ირაკლი ბერაიამ მადრიდში განაცხადა.
ამასთან, როგორც ბერაიამ აღნიშნა, გამოსაყოფია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორი რეზოლუცია.
„განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ რეზოლუციას. პირველი ხაზგასმით აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. მოუწოდებს ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა როგორც მედეგობის გაძლიერების, ასევე დამოუკიდებლობის დაცვის თვალსაზრისით, და გააძლიერონ პრაქტიკული მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ასევე ვიტყოდი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე რეზოლუცია, რომელიც ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი წინადადების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და რომელიც მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად განახორციელონ და უზრუნველყონ მადრიდის სამიტზე მიღებული საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების იმპლემენტაცია.
ასამბლეა კიდევ ერთხელ ეტყვის მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში, აგრესორ რუსეთს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, რომ ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ასპირანტების ევროატლანტიკურ მისწრაფებას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.