ირაკლი ბერაია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ირაკლი ბერაია - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესპანეთის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსულ ოკუპაციაზე და რუსეთიდან მომდინარე სხვა სახის კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

„ესპანეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში და ევროკავშირში და შესაბამისად, ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.