ირაკლი ბერაია - მკაფიო მაგალითია, წინა ხელისუფლების პირობებში როგორ იფლანგებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები, ეს არავის შერჩება
ირაკლი ბერაია - მკაფიო მაგალითია, წინა ხელისუფლების პირობებში როგორ იფლანგებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები, ეს არავის შერჩება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომ მკაფიო მაგალითია, როგორ იფლანგებოდა და ნიავდებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები წინა ხელისუფლების პირობებში.

მისივე თქმით, ეს არავის შერჩება და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე.

„ეს არის მკაფიო მაგალითი, წინა ხელისუფლების პირობებში როგორ იფლანგებოდა და ნიავდებოდა თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები. ეს არის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის დასუსტება, მისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. ამ ყველაფრის ხარჯზე მდიდრდებოდნენ არაკეთილსინდისიერი მოხელეები და მინისტრები, ეს არავის შერჩება და ყველა პასუხს კანონის წინაშე აგებს. მართლმსაჯულებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.