ირაკლი ბერაია - კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას
ირაკლი ბერაია - კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას

კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებისას, საუბრობენ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე, გაღრმავებასა და განმტკიცებაზე, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე.

„შეხვედრებს ვაძლევთ ძალიან მაღალ შეფასებას. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაკეთებულ განცხადებებში ცალსახად აღნიშნეს, რომ ინფორმაცია, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციამ მიაწოდა, აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო და შეხვედრებიც შეფასებული არის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა აქვს და ის არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს მხარდაჭერა არის მზარდი, რასაც მეტყველებს სხვადასხვა დოკუმენტში, სამართლებრივ აქტში გაკეთებული ჩანაწერები, მათ შორის, ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, მის დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია წერილებში მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მეტყველებს მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, სადაც ისინი ამ შეხვედრების პროდუქტიულობის შესახებ საუბრობენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ როდესაც დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ჩვენს პარტნიორებს, ისინი ესაუბრებიან თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„ისინი მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რომ ძირი გამოუთხარონ ქვეყანას, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას, რომ მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენი პარტნიორების განწყობებს, არასათანადოდ აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი