ირაკლი ბერაია - კიდევ ერთხელ დავინახეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ხელს ვერ შეუშლის
ირაკლი ბერაია - კიდევ ერთხელ დავინახეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ხელს ვერ შეუშლის

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის მტკიცე პოზიცია. მათ თქვეს, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის ვერც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ვერც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით რუსეთის ულტიმატუმი და მოთხოვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის მტკიცე პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათთვის მიუღებელი, დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა და მსოფლიო წესრიგის მოწყობა რუსულად. მათ თქვეს, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის ვერც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ვერც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ეს არის გადასაწყვეტი ალიანსის, საქართველოსა და უკრაინის. ვერც ერთი მესამე სახელმწიფო მისი აგრესიული რიტორიკის და სამხედრო პოტენციალის მიუხედავად, გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მკაფიო მხარდაჭერები მოვისმინეთ, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები რუსეთთან პარტნიორებით ვაჭრობას არ აპირებენ და რუსეთს მოუწოდებენ, ვითარების დეესკალაცია მოახდინოს, დაბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში, პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ასევე მკაფიო განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს და საქართველოს ალიანსში მიწვევა უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბერაიამ.