ირაკლი ბერაია - ენტონი ბლინკენის წერილი მიუთითებს, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში
ირაკლი ბერაია - ენტონი ბლინკენის წერილი მიუთითებს, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად.

„ეს წერილი მიუთითებს, რომ საქართველო არის ამერიკის მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანას განიხილავს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ, მნიშვნელოვან გარანტად და უზრუნველმყოფ სახელმწიფოდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება, ერთი მხრივ, ჩვენს საერთო ღირებულებებს და მეორე მხრივ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთმხარდაჭერის უპრეცენდენტოდ მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სახელმწიფო მდივნის მხრიდან ავღანეთში საქართველოს გამორჩეული როლის ხაზგასმა, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორის გაღრმავებისა და გაძლიერების სულისკვეთება.

„საქართველო იყო უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ალიანსის სხვა მოკავშირეებთან ერთად, ასრულებდა განსაკუთრებულ როლს იმ საფრთხეების წარმოშობის ჩახშობაში, რომელიც წარმოადგენდა გამოწვევას, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის და ასევე, ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს, რათა ამ საფრთხეებს არ მოეღწია ჩვენი და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების საზღვრებამდე. ის, რაც შეძლო საქართველომ ავღანეთში, ჩვენი გამორჩეული როლით ერთ სულ მოსახლეზე, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცით, ვერ შეძლებდა ვერც ერთი სხვა სახელმწიფო“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.