ირაკლი ბერაია - დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმე და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე
ირაკლი ბერაია - დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმე და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე

ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელშიც საჯარო მოხელეები, ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქეა ჩართული, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

„პროკურატურის განცხადებით, სამწუხაროდ, დელიმიტაციის პროცესი, რომელიც დღემდე წარმოებდა წინა ხელისუფლების პირობებში, წარმოებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. აზერბაიჯანთან ჩვენ გვაქვს მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობაც, ჩართული ვართ, როგორც ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაში, ასევე, ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები.

ეს პროცესი ნამდვილად ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, მიუხედავად სხვადასხვა მავნე აქტორების მხრიდან არაერთი მცდელობისა. გამოძიება არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

​მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მას ეს მასალები მიაწოდა.

„სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, ორივე მინისტრმა საკმაოდ კონსტრუქციულად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა. დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა აქტორს მოუწოდა მოზომილი და ფრთხილი განცხადებებისკენ და თქვა, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზების საგანი. არ უნდა ხდებოდეს ის უპასუხისმგებლო გამოხდომები ოპოზიციის მხრიდან, რასაც დღეს აქვს ადგილი. ასევე, მთავარი გზავნილი, რომელიც მან გაავრცელა, იყო ის, რომ არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაუჭრელი საკითხები“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.