ირაკლი ბერაია - ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმებს, აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც
ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმებს, აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
„გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა კომიტეტის ფარგლებში გამართული დისკუსიებში. გამოვიდა რამდენიმე ანგარიში, ასევე იგეგმება რამდენიმე რეზოლუციის მიღებაც. რა თქმა უნდა, აქ იგრძნობა ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის სულისკვეთება, მხარდაჭერის მზარდი მნიშვნელობა. ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის საქართველოს ალიანსში გაწევრების საჭიროება, მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება. ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმებს, აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, და მომავლის ნატო-ს, რომელიც არის ძლიერი როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და უფრო მეტი გლობალური გაქანების ორგანიზაცია, როგორც ეს არის სტრატეგიულ კომპასში, სტრატეგიულ კონცეფციაში ნათქვამი. ასეთ ორგანიზაციას, ასეთ ნატო-ს აუცილებლად სჭირდება საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ წევრობამდე მოქმედებს ისე, როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფო და, შესაბამისად, საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.