ირაკლი ბერაია - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, პირველ რიგში, საქართველოს მტრებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფო
ირაკლი ბერაია - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, პირველ რიგში, საქართველოს მტრებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარნტიორის – აშშ-ის თავდაცვის მდივანი, რაც გამოხატავს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, ისევე როგორც ფართო შავი ზღვის რეგიონის, და მთლიანად, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს როლს და მნიშვნელობას.

ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ თავდაცვის მდივანი რეგიონული ტურნეს შემდეგ, მიემგზავრება ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი არის ერთი მხრივ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერის და მეორე მხრივ, საქართველოში გატარებული ამბიციური დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის სფეროს წარმატებული ტრანსფორმაციის, ჩვენს მიერ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების და მათი აღიარების პირდაპირი შედეგი. ქართულ-ამერიკულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, როგორც მასშტაბებით. ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა და ამის მაგალითად დაასახელა ამერიკის ბიუჯეტის და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტებში საქართველოს და მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერის ჩანაწერები, 2016 და 2019 წლებში ხელმოწერილი უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებები, გაზრდილი საგარეო სამხედრო დაფინანსება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვაში მხარდაჭერა, უახლესი ანტისატანკო შეიარაღების, ცეცხლსასროლი იარაღისა და აღჭურვილობის მოწოდება, საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარება.

„წლების განმავლობაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები, ერთმანეთის მხარდამხარ, მსოფლიოს ყელაზე ცხელ წერტილებში უზრუნველყოფდნენ სტაბილურობას, იცავდნენ საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს თავდაცვის უწყებასა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ ახალ შეთანხმებას, რაც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის, შეკავების შესაძლებლობების და ნატო-სთან თავსებადობის შემდგომ ამაღლებას.

ამ შეთანხმებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა და ეფუძნება თავდაცვის სფეროში დღემდე არსებული თანამშრომლობის მექანიზმების წარმატებულ იმპლემენტაციას, მათ შორის განსაკუთრებით თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფართო რეგიონში რუსული და სხვა მხრიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული ხასიათის საფრთხეების შეკავებაში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით აშშ-ის ლიდერობას და მის გაზრდილ ჩართულობას რეგიონში. ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, საქართველოს პარტნიორებისთვის და პირველ ყოვლისა, საქართველოს მტრებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფო. თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ეფექტიანობას უზრუნველოფენ ის ღირსეული ლიდერები და პროფესიონალები, რომლებიც ოკეანის ორივე მხარეს, თბილისში და ვაშინგტონში, საქართველოს თავდაცვის უწყებაში და პენტაგონში, შრომობენ და აძლიერებენ ამ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვის. ამაში განსაკუთებული დამსახურება მიუძღვის ქართველ და ამერიკელ ხალხს, რომელთა საერთო ღირებულებებს და ურყევ ნებას ემყარება ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.