ირაკლი ბერაია - აშშ აღიარებს იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში
ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ მასთან თანამშრომლობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს, იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების ყველა სფეროში. ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება არის ამის ნათელი დადასტურება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს და მიესალმება საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
„განცხადებაში აქცენტი არის გაკეთებული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და მის მნიშვნელობაზე, იმ სწორ ნაბიჯებზე, რაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაში არის ასახული. რეფორმის მეოთხე ტალღას წინ უძღოდა სასამართლო რეფორმის სამი ტალღა და რომ არა ამ სამი ტალღის წარმატება, თავისთავად, ვერ იქნებოდა ინიცირებული მეოთხე ტალღაც. ეს არის ის ძირითადი აქცენტები რასაც ოფიციალური ვაშინგტონი ამასთან დაკავშირებით აკეთებს. ასევე, ხაზგასმულია დიალოგის მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ არავინ უჭერს მხარს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ და რევოლუციურ დღის წესრიგს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს ურჩია, რომ მათ იხელმძღვანელონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური თარგმანით.
„მე ვნახე სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მათ შორის დაჟინებით მოწოდებასთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეულ შეშფოთებასთან დაკავშირებით და მსგავსი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, ყველას გირჩევთ, იხელმძღვანელოთ საელჩოს ოფიციალური ვებგვერდით. ძალიან კარგად ვიცი, რა წერია ამ განცხადებაში, როგორც ინგლისურ ასევე, ქართულ ვერსიაში. აქ საუბარი არის ჩვენი ხელისუფლების ამბიციური, დემოკრატიული დღის წესრიგის შემდგომ განმტკიცებაზე და გაგრძელებაზე. რეფორმები არ არის ერთჯერადი პროცესი. ეს არის მუდმივი პროცესი და შესაბამისად, რეფორმების ტალღები, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, არის განგრძობადი იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს ეს რეფორმები პრაქტიკაში, ხდება ამის შეფასება, მათი შემდგომი გაძლიერების, ადაპტაციის და სრულყოფის მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი ხელისუფლება არის დემოკრატიული პრინციპების ერთგული. ეს დასტურდება მნიშვნელოვანი ნაბიჯებით რომელიც ჩვენ გადავდგით ყველა მიმართულებით მათ შორის, სასამართლოს რეფორმის თვალსაზრისით, პროკურატურის რეფორმის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.