ირაკლი ბენდელიანი - „სითი ინსტიტუტისთვის“ დაწესებული ჯარიმა სამართლიანია
ირაკლი ბენდელიანი - „სითი ინსტიტუტისთვის“ დაწესებული ჯარიმა სამართლიანია

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმა სამართლიანია.

როგორც ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ პროექტის შესწორებული ვარიანტი გუშინ, დღის ბოლოს წარმოადგინა.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ვარიანტზე და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. „სითი ინსტიტუტი“ მხარეს წარმოადგენს და ბუნებრივია, იტყვიან, რომ პროექტი კარგია. მათ ინტერესშია,  საკუთარი პროდუქტი გაამართლონ, რადგან ამაზეა დამოკიდებული, გადაიხდიან თუ არა ჯარიმას. ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან ხელშეკრულების გაწყვეტა, გაგდება მერიიდან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის დოკუმენტის მიღება. შენიშვნების ორი მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ. ერთია ის, რომ გადაწყვეტილებები არ იყო კონკრეტულ მსჯელობაზე დაფუძნებული, მეორე – ჩვენ მივუთითეთ „სითი ინსტიტუტს“ შენიშვნების გამოსწორებისკენ და ბოლო დოკუმენტში ეს არ იყო გამოსწორებული. გუშინ შემოვიდა პროექტი მერიაში, რომელსაც ვნახავთ და ამის შემდგ მივიღებთ გადაწყბეტილებას”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის 10-დღიანი ვადა მისცა.

როგორც მერიაში აცხადებდნენ, შენიშვნები ძირითადად ტრანსპორტის განვითარების, გამწვანების და განაშენიანების, ზონირებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა.