ირაკლი ბენდელიანი - მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გვექნება პროექტი, რის მიხედვითაც დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს
ირაკლი ბენდელიანი - მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გვექნება პროექტი, რის მიხედვითაც დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

როგორც ბენდელიანმა განმარტა, პირველ ეტაპზე სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იყო ჩატარებული, რაც გერმანელი სპეციალისტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა.

ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები გრძელვადიანი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. სწორედ ამიტომ, თბილისის მერის მოადგილის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება პროექტი, რის მიხედვითაც დაიწყეებენ გამაგრებით სამუშაოებს.

„მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით დღეს შედგა მორიგი შეკრება სამუშაო ჯგუფის. ჯგუფმა უშუალოდ ადგილზე მოინახულა არსებული სიტუაცია. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. მოხდა იმ სამუშაოების დეტალურად გავლა, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ობიექტზე განხორციელდა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს სამუშაოები იყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოწვეული, რომ ის პირველი რიგის საფრთხეები მოგვეხსნა, რაც იმ მომენტისთვის არსებობდა. ის სამუშაოები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარდა, თვითონ გერმანელი სპეციალისტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა. ჩვენ სამუშაოები გვაქვს ორად გაყოფილი. პირველი, გადაუდებელი აუცილებლობის, ხოლო მეორე არის, გრძელვადიანი უსაფრთხოების შენარჩუნების. შესაბამისად, უკვე დავგეგმეთ შემდეგი ტიპის სამუშაოები, რისთვისაც საჭირო არის კონკრეტული დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება. ამ პროექტის მიხედვით დავიწყებთ უკვე გამაგრებით სამუშაოებს.

ბოლო პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს რაც შეეხება, მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. ამის მიზანი იყო, რომ დატვირთვა მოგვეხსნა უშუალოდ მეწყრული არეალიდან, რათა მეწყრის მასის გადაადგილება უფრო შეგვემცირებინა. გარდა ამისა, მოჭრილი მიწის მასით მომხდარიყო ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე მეწყრულ არეალში გაკეთდა კონკრეტული ჭაბურღილები. ასევე დაყენდა დეტალური მონიტორინგის სისტემა. ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ მეწყერი. რაც შეეხება ნაპრალის თიხის მასით შევსებას. ამ გადაწყვეტილების მიზანი არ ყოფილა ის, რომ თიხა ამ მეწყერს შეაჩერებს. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის ერთადერთი დანიშნულებაცაა, ნაპრალებში წყლის მაქსიმალურად მინიმალური რაოდენობა ჩავიდეს ნალექიანი ამინდის დროს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.