ირაკლი ბენდელიანი - ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ფარგლებში „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისას ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა დაახლოებით 100 მისამართზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 96 ობიექტს, მათ შორის 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. რეაბილიტირებულ ობიექტებზე დაახლოებით 310 მლნ ლარი დაიხარჯა. მიმდინარე პროექტებზე გამოყოფილია 95 მლნ ლარი.
ამას გარდა, განვახორციელეთ ნარიყალის ციხის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს მეორე ეტაპის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია, კერძოდ, 22 შენობის, საიდანაც 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ასევე, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის, დედაენისა და 9 მარტის ბაღების, გუდიაშვილის მოედნის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და ა.შ. სრული რეაბილიტაცია განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მანვე შემაჯამებელ ღონისძიებაზე „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ დაწყებულ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„თაბუკაშვილის N46-ში ვახორციელებთ სამუშაოებს, ე.წ კადეტთა კორპუსში. ორი თვის წინ დავიწყეთ ფიროსმანის ქუჩა N29-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის პირველში სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ასევე, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ფასადის სამუშაოები დასრულდება, ხოლო მომდევნო წლის ბოლოსთვის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.