ირაკლი ბენდელიანი - ჭავჭავაძის გამზირზე არანაირი მილები არ დაგვვიწყებია, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის ხალხი ამ საკითხს მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება, უკეთესი იქნება
ირაკლი ბენდელიანი - ჭავჭავაძის გამზირზე არანაირი მილები არ დაგვვიწყებია, ვიწრო პოლიტიკური ინტერესის ხალხი ამ საკითხს მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება, უკეთესი იქნება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მერის მოადგილე აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი განმარტებით, კონკრეტული სამუშაოები დაგეგმილი იყო და, როგორც ოპოზიცია აცხადებს, სანიაღვრე მილების ჩასმას არ უკავშირდება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ჭის ხუფების საბოლოო სახით დაყენება აქამდე არ განხორციელდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მოძრაობის აღდგენა.

ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ გზის საფარის ბოლო ფენის დაგებამდე ხუფების კონკრეტულ ნიშნულზე დაყენება აუცილებელია და სწორედ ამას უკავშირდება ჭავჭავძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები.

„მოსახლეობას ნუ შევუქმნით ისეთ ფონს, თითქოს რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ჭავჭავაძეზე კონკრეტულ სამუშაოებს რაც შეეხება, ყოველი ეტაპის ჩაკეტვა ხდებოდა, რადგან გადაადგილების მხრივ კოლაფსი არ მიგვეღო და კონკრეტული ეტაპების თარიღები გახსნასთან დაკავშირებით გაჟღერებული იყო, სამუშოების დამთავრება ზუსტად ამ თარიღებში ხდებოდა. ახლა ყიფშიძიდან თამარაშვილამდე არსებული მონაკვეთია ჩაკეტილი და დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება ქვედა ფენა, საფარი დაეგება და მოძრაობა გაიხსნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ვარაზის ხევიდან ყიფშიძის ქუჩამდე ჭავჭავაძეზე სამუშაოებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩვენ არანაირი მილების ჩადება არ დაგვვიწყებია და უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება ზოგიერთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის ხალხი ამ საკითხს, უკეთესი იქნება. თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტეუქტურულ სამუშაოებში, მისთვის ეს პროცესი გასაკვირი არ იქნება. ამ გამზირზე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, როდესაც ახალი ქსელი ეწყობა, სჭირდება ახალი ჭის სახურავები, როდესაც ქვედა ფენის ასფალტის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მანქანით გადაადგილებისას დისკონფორტი არ შეექმნა და გზაზე ჭის ხუფები არ ყოფილიყო წამოწეული, ამიტომ ასფალტის ქვედა ფენა გადაეგო, საბოლოო ნიშნული იყო აღებული და სწორედ ამ ნიშნულზე წამოწევა უნდა მოხდეს, ვიდრე საბოლოო ასფალტის ფენა გადაეგება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ბენდელიანის თქმით, კონკრეტულ მონაკვეთზე, ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მუშაობა დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.

„დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება ეს მონაკვეთი – ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე და ასფალტის საფარის ზედა ფენები დაიგება. ამით დამთავრდება სამუშაოები. რაც შეეხება მთლიანად ჭავჭავაძის დასრულებას, ამას ივლისის თვე არ დასჭირდება“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით მოსახლეობა გაფრთხლებული იყო.

„ჩვენ განცხადება გავავრცელეთ რამდენიმე დღით ადრე იმის შესახებ, რომ აქ მუშაობა დაიწყებოდა და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდებოდა. ყოველ შემდგომ ეტაპზეც გაკეთდება განცხადება და მოსახლეობა წინასწარ ინფორმირებული იქნება“,- აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.