ირაკლი ბენდელიანი - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე  მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი მოეწყო, გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა
ირაკლი ბენდელიანი - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი მოეწყო, გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი მოეწყო. მისივე ინფორმაციით, დასახელებული გზის მონაკვეთზე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა აღდგა.

როგორც ბენდელიანი ამბობს, გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას შეექმნა საფრთხე. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 21:00 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის გატანის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს. კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა, როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა.

თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონა, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედელი. შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და შემჭიდროებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხვრას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, ბენდელიანის თქმით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდა გეგმა, რის შემდეგაც კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება.

„სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყერის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები. რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დატოვე კომენტარი