ირაკლი ასლანიშვილი -  ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი
ირაკლი ასლანიშვილი -  ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი

ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენიმეჯერ ჩავატარეთ კვლევა და ამ კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ირაკლი ასლანიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მსჯელობა იქნება იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გაახმოვანა.

„რამდენიმე საკითხია, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად საინტერესოა, პირველ რიგში საინტერესოა პრემიერის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინიციატივებია და უფრო სიღრმისეულად გვექნება მსჯელობა. რაც შეეხება ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობას. მე შემიძლია, ასოციაციის მაგალითით გითხრათ, რომ მსგავსი პრეცედენტები ჩვენი წევრების მაგალითზე არ დაფიქსირებულა. ბიზნესგარემოს კუთხით ჩვენ რამდენიმეჯერ ჩავატარეთ კვლევა და ამ კვლევის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.

მისივე თქმით,​ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები ასოციაციისთვის ცნობილი არ არის.

„ასოციაციის ჭრილში მსგავსი საკითხების დაფიქსირება ჩვენთან არ მომხდარა”, – განაცხადა ასლანიშვილმა.