ირაკლი არჯევანიძე - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნუშის ექსპორტიორი გახდეს
ირაკლი არჯევანიძე - საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ნუშის ექსპორტიორი გახდეს

მსოფლიოში ნუშის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ამერიკა დღეს პრობლემებს განიცდის, რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ ნუშის ექსპორტიორი გახდეს. ამ თვალსაზრისით საქართველო ორ მნიშვნელოვან პირობას აკმაყოფილებს: ქვეყანაში ხარისხიანი ნუშის და კაკალის წარმოებისთვის საჭირო კლიმატია და იგი ახლოს მდებარეობს როგორიც ევროპის, ისე აზიის ბაზრებთან, – ამის შესახებ კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი არჯევანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში ნუშისა და კაკალის წარმოებისა და ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს გადაცემის სტუმარმა ამერიკული საინვესტიციო კომპანია „ჯი ი ინვესტმენტ კორპორეიშენის“ დირექტორმა თორნიკე ლათაიამ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რთულია ქვეყნის საექსპორტო მოცულობების დასახელება, რადგან აღნიშნული დარგის განვითარება ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. თუმცა დარგს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რასაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტებიც დიდ სტიმულს აძლევს.

„მე ამერიკულ საინვესტიციო კომპანია „ჯი ი ინვესტმენტ კორპორეიშენს“ წარმოვადგენ, რომელმაც სწორედ იმიტომ გადაწყვიტა საქართველოში ინვესტირება, ამ დარგის განვითარების პერსპექტივა დაინახა. გადავწყვიტეთ, საქართველოში 600 ჰექტარი ავითვისოთ და ინვესტიციები განვახორციელოთ, მრავალწლიანი ბაღები გავაშენოთ და პირველად წარმოებაში შევიდეთ. პარალელურად ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ ტერიტორია, სადაც გვაქვს საინვესტიციო ვალდებულება და შემდეგი წლიდან გეგმაში გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო დავასრულოთ, რაც სხვა ფერმერებსაც მოემსახურება და ცალსახად ექსპორტზე ვიმუშავებთ. ის სანედლეულო ბაზა, რაც დღეს საქართველოში არსებობს და რასაც თანდათან სიმძლავრე ემატება იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი დიდია და სახელმწიფო პროექტებიც სტიმულს აძლევს დარგის განვითარებას, გაჩნდება ნედლეულის ბაზა, რომელსაც ექსპორტის და მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნება“, – განაცხადა ლათაიამ.

კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველოს დღეს კარგი შესაძლებლობა აქვს, საექსპორტო ნიშა დაიკავოს, რადგან ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას მოცემულ მომენტში პრობლემები აქვს.

„დღეს მსოფლიოში ნუშის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ამერიკა დიდ პრობლემებს განიცდის წყალთან და ნუშის კულტურის მოყვანასთან დაკავშირებით. რეალურად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. საქართველო არის გაცილებით ახლოს, როგორც ევროპასთან ისე აზიასთან და აქვს კარგი კლიმატური პირობები, რომ მაღალი ხარისხის ნუში და კაკალი აწარმოოს. არსებობს გარკვეული უპირატესობებიც, მათ შორის არის გემოვნური თვისებები, ზეთოვანება. მართალია, ამერიკული ჯიშები, რაც ყველაზე მეტი გადის ევროპასა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში კლიმატური პირობების გამო არ მოდის, თუმცა ალტერნატიული კულტურები არსებობს, რაც ფართოდ გავრცელდა საქართველოში“, – განაცხადა არჯევანიძემ.

კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია ერთი ბრენდის ქვეშ მოაქციოს და ისე გაყიდოს, რადგან კაკლოვანი კულტურების მწარმოებელ ფერმერთა უმეტესობა არ ფლობს ბაზრებზე გატანის უნარ-ჩვევებს.

„ორ პრობლემას გამოვყოფ. ერთი, რომ ქვეყანას არა აქვს ამ ორი კონკრეტული კულტურის მოყვანის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ კაკალი ჩვენთვის ძალიან ნაცნობი პროდუქტია და თითქმის გენეტიკურ დონეზეა აყვანილი, არ არსებობდა განვითარებული კომერციული ბაღის გაშენების კულტურა, რომელსაც ექნებოდა ბიზნესის სახე. ჩვენთან უმეტესობა რაც დახლზე ხვდება, არის ველურად შეგროვებული კაკალი. რაც შეფუთული და დახარისხებული სახითაა, ძირთადად იმპორტირებულია უკრაინიდან, ყაზახეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. და მეორე, რადგან ქვეყანას ეს გამოცდილება არა აქვს, არ იციან, როგორ იპოვონ გასაღების ბაზრები და როგორ გადაამუშაონ ნუში. არადა, ნუშის ყველაზე მაღალი ფასეულობა მისი გადამუშავებით იქმნება“, – განუცხადა ირაკლი არჯევანიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი