ირაკლი არაბული – ნოროვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება, იყოს სამუშაო ზედაპირიც, რომელიმე პროდუქტიც, თანამშრომლის ხელიც, რომელსაც შეიძლება, ჰქონოდა ვირუსი, სჯობს, დაველოდოთ საბოლოო პასუხს
ნოროვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება, იყოს სამუშაო ზედაპირიც, თანამშრომლის ხელიც, რომელსაც შეიძლება, ჰქონოდა ვირუსი, შესაძლებელია, რომელიმე პროდუქტიც, რომელსაც იქამდე შეეხო ამ დაავადების მატარებელი ადამიანი, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცახადა.
მისივე თქმით, ამაზე მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერ ისაუბრებს, ვიდრე არ დასრულდება ყველა ანალიზი და საბოლოო პასუხები არ გახდება ცნობილი.
„ყოველ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების ოფიციალური პასუხი არის ყველაზე საიმედო და სჯობს, დაველოდოთ საბოლოო პასუხის დადგენას“, – აღნიშნა ირაკლი არაბულმა.
შეკითხვაზე, რა ფაქტორები უტოვებს თეორიული დაშვების შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, ეს იყო სურსათით გამოწვეული ინფექცია, არაბულმა განაცხადა, რომ ამის დაშვების შესაძლებლობას უტოვებს ფაქტები, რომლებიც ყოფილა მსოფლიოს მასშტაბითაც, როდესაც მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულა.
„ყოფილა შემთხვევები, როდესაც სურსათით ყოფილა გამოწვეული ამ ვირუსის გავრცელება, მაგრამ უფრო მეტი შემთხვევაა, როდესაც სხვა გზით ხდება მისი გავრცელება, ადამიანიდან ადამიანზე, ადამიანიდან მაგალითად, სამუშაოზე ზედაპირებზე, ინვენტარზე. ასე ვთქვათ, ეს უფრო სწრაფად გავრცელების წყაროა, ვიდრე სურსათი“, – განაცხადა არაბულმა.
როგორც არაბულმა აღნიშნა, თუ დავუშვებთ ფაქტს, რომ ეს სურსათით შეიძლება, იყოს გამოწვეული, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მიდის მის მწარმოებელზე, ან დისტრიბუტორზე, ვინც პასუხისმგებელია ამ პროდუქტის ბაღებისთვის მიწოდებაზე.
„სხვა შანსი ისე არ არსებობს, რადგან ერთი და იგივე მიმწოდებელი ჰყავს ყველას, სურსათის კატეგორიის მიხედვით. თუ კონკრეტულად ლოკალური პრობლემაა და ერთ ბაღში ხდება, თუნდაც ერთ დაწესებულებაში, მაშინ შეიძლება, მიზეზი იყოს მრავალი, მაგალითად, პერსონალის დაუდევრობა, არასათანადოდ ჩატარებული წმენდა-დეზინფექციის პროცესი და მრავალი სხვა, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე როდესაც ხდება ეს ამბავი, ბევრი მიზეზი შეიძლება, იყოს, მათ შორის, მაგალითად, სურსათი, ან ისეთმა თანამშრომელმა მაგალითად, გაამზადა სურსათი, ან მიაწოდა, რომელიც დაინფიცირებული იყო“, – განაცხადა არაბულმა.
მისი თქმით, ზოგადად, სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი, რომელიც იწყება მინდვრიდან, სრულდება სუფრაზე და ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული რგოლი, რომელიც არის მწარმოებელი, თვითონ ქარხანა, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, რეალიზაციის ადგილი და ყველა პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობაზე, რომ საბოლოოდ მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა არის წარმოებელ ბიზნესოპერატორზე, რადგან ვალდებულია ბიზნესოპერატორი, რომ თავის საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი. შესაბამისად, თუ არ მიაწვდის უვნებელ სურსათს, შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია დაუწესდება, თუ დამტკიცდება, რომ ეს არის საკვებით გამოწვეული გავრცელება“, – განაცხადა არაბულმა.
შეკითხვაზე, რა პროცედურების ჩატარებაა ახლა საჭირო, რომ ასეთ მრავალსაფეხურიან პროცესში აბსოლუტურად სრულყოფილად იყოს შესწავლილი ყველაფერი და რომელიმე მხარის დაუდევრობის ფაქტი არ დარჩეს ყურადღების მიღმა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც საჯაროა, მოხდა სურსათის 500-მდე ნიმუშის აღება და გარდა ამისა, მოხდა სასმელი წლის ნიმუშის აღება, რადგან სასმელი წყალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის უვნებლობაში.
„გარდა ამისა, მოხდა თვითონ ბიზნესოპერატორების საწყობების და იმ ადგილების შემოწმება, სადაც ინახავენ ამ სურსათს, როდესაც აწვდიან საბოლოოდ ბაღებს, ამ ეტაპის გადამოწმება მოხდა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული რგოლის შემოწმება მოხდეს სათანადოდ, რადგან, თუ დაუშვებთ, რომ ეს არის სურსათით, დადგინდეს, სად მოხდა ამ ჯაჭვში შეცდომა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ ჯაჭვში შემავალ ამ რგოლს“, – განაცხადა არაბულმა.