ირაკლი ანთაძე - წნელისის საგუშაგო განთავსებულია ჩორჩანას, წნელისსა და წაღვლს შორის, მისი განთავსების საჭიროება აბსოლუტურად გაუგებარია, ესაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
ირაკლი ანთაძე - წნელისის საგუშაგო განთავსებულია ჩორჩანას, წნელისსა და წაღვლს შორის, მისი განთავსების საჭიროება აბსოლუტურად გაუგებარია, ესაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, განხილვის საგანი იყო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან.

„განხილვის საგანი იყო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები და ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან. ჩვენ განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოს სტაბილურობა. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ესაა უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავოს ყველამ. პოზიციები კვლავ დიამეტრულად განსხვავებულია. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზებისთვის. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ის გარანტიები, რომელიც ჩვენ შეიძლება გავცეთ.

ჩვენი სურვილია, რომ უსაფრთხო და თავისუფალი იყოს გადაადგილება ყველგან, სადაც ეს უფლება შეზღუდული აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. აქ არაა საქმე ტერმინებში. აქ მთავარია, მიდგომები. რამდენად არიან პროცესის მონაწილე მხარეები გადადგამს დეესკალაციისკენ ნაბიჯები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯები და შესთავაზა გარანტიები და ეს გარანტიები არ ლახავს არავის ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძემ წნელისთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესებს, აქაც დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია. აღნიშნული ქმედებები არის უკანონო და ყველა ქმედება უნდა იყოს შეჩერებული და ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად. მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ საოკუპაციო ხაზი არის ცნება და ის მიჯნავს იმ ტერიტორიას, სადაც ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი იმ ტერიტორიისაგან, სადაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი დროებით ვერ ხორციელდება. წნელისის საგუშაგო განთავსებულია ჩორჩანას, წნელისსა და წაღვლს შორის არსებულ ტერიტორიაზე. იქაა ტყის მასივი. მისი განთავსების საჭიროება აბსოლუტურად გაუგებარია. ესაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებზე, იგულისხმება, რომ ისინი სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ფაქტორი რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ესაა საქართველო, ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია. ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ადგილზე ვითარების ესკალაცია, არის უკიდურესად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ანთაძემ.

მხარეები ერთმანეთს ერგნეთში ერთ კვირაში, 13 სექტემბერს შეხვდებიან.