ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს
ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს

ერგნეთის შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეებისგან მეტად კონსტრუქციულ პოზიციას ველოდებოდით, – ამის შესახებ ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მერ კიდევ ერთხელ გაკეთდა შეთავაზებები, რომელიც ადგილზე ვითარების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„პოზიციები უცვლელი იყო. ჩვენ ველოდებოდით ცხინვალელი მონაწილეებისგან მეტად კონსტრუქციულ პოზიციას. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ის შეთავაზებები, რომლებიც აუცილებელად ხელს შეუწყობს ადგილზე სიტუაციის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, ჩვენი პოზიციები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს. ვისაუბრეთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასთან განვითარებულ მოვლენებზე. მათ გადასასვლელების ჩაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მოვლენებს. კვლავ დავაყენეთ საკითხი გადასასვლელების დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ. პასუხი ამჯერადაც  უცნობია“, – განაცხადა ანთაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გადასასვლელების ჩაკეტვა ჰუმანიტარულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას.

„ასევე გვქონდა საუბარი დაკავებულების მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე განაცხადეს, რომ გადიან ე.წ. პროცედურებს და ზუსტ დროს გვეტყვიან მოგვიანებით.

ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, აუცილებელია, დიალოგი გაგრძელდეს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.