ირაკლი ანთაძე - ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში არიან
ირაკლი ანთაძე - ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში არიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილისა და რძლის შესახებ.

მისი თქმით, მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში იმყოფებიან.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, თათია ადიკაშვილს, რომელიც რვა თვის ფეხმძიმეა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანენ.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბატონი დათა ვანიშვილის რძალი თათია ადიკაშვილი მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში. თათია ადიკაშვილი არის რვა თვის ფეხმძიმე და განხორციელდება მისი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მალხაზ ვანიშვილს, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მან მიიღო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა და ის დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა გახდა ამის მიზეზი, ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ესაა ინფორმაცია, რომელიც ცხელი ხაზით მივიღეთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.