ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება
ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა მას დღეს კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.

„განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. შედგა დისკუსია ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს პრინციპული პოზიცია. რაც შეეხება ზაზა გახელაძის საკითხს, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ პროცესი რომ არ დავაზიანოთ, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია და ვაწვდით ყველა ინფორმაციას. რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციას, ჩვენ ვართ შეურიგებელი. ეს პროცესი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადასულია აქტიურ ფაზაში, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებს, ყოველთვის იქნება მიუღებელი და ეს საკითხი პრინციპულად დაისმება ყველა შეხვედრაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, საუბარი შეეხო ახალგორის ჩაკეტილ გამშვებ პუნქტს, თუმცა დღეს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს კონკრეტული გადაწყვეტილება არ ჰქონიათ. შეხვედრაზე განიხილეს საირიგაციო სისტემის პრობლემებიც. სარწყავი წყლის არასაკმარისი დონის გამო, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზონკარის წყალსაცავზე დამბების გახსნა მოითხოვა, რათა წყალი ტირიფონი-სალთვისის არხს მიეწოდოს.

დატოვე კომენტარი