ირაკლი აბესაძე - ზოგ შემთხვევაში, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებმა და საქმის სხვა ფიგურანტებმა იციან უფრო მეტი და ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან კომისიას
ირაკლი აბესაძე - ზოგ შემთხვევაში, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებმა და საქმის სხვა ფიგურანტებმა იციან უფრო მეტი და ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან კომისიას

არის შემთხვევები, როდესაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებმა და სხვა ფიგურანტებმა იციან უფრო მეტი და ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან კომისიას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით.

„ზოგიერთი მათგანი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუკი ამ გარემოებებზე მათ საუბარი მოუწევდათ, დანაშაულის მოხდენის შემდეგ, პირველივე დღეებში, ისინი შეძლებდნენ გამოძიებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კომისია მუშაობის შემდგომ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, უკვე მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და გამოკითხული პირებისგან მოსმენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საბოლოო დასკვნას სექტემბრის დასაწყისისთვის მოამზადებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ, ერთი მხრივ, გავაკეთებთ შემაჯამებელ დასკვნას გამოძიებაში არსებულ სერიოზულ ჩავარდნებსა თუ პრობლემებზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, პირდაპირი გავლენა იქონია იმ შედეგზე, რომ დღეს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ბუნდოვანი გარემოება გვაქვს. ასევე შევაფასებთ მინისტრიდან და მთავარი პროკურორიდან დაწყებული, რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, თითოეული მათგანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს და, რა თქმა უნდა, გავცემთ რეკომენდაციას სამომავლო ქმედებების შესახებ, როგორც გამოძიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორების, ასევე შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის, რათა ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხეს, მათ შორის ის არასრულწლოვანი, რომელიც გამოძიებას აქამდე არ გამოუკითხავს.