ირაკლი აბესაძე - შსს-მ დაკარგა ძალიან ძვირფასი 7-8 თვე, რათა ყველა მოწმისგან მიეღო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების დაკითხვას აგრძელებენ.
როგორც კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძე აცხადებს, გამოიკვეთა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ჰყავდა შსს-ს დაკითხული, ასევე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე დაკითხა შსს-მ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების არასრულყოფილად ჩატარებისა და წარმართვის გამო, მათგან კონკრეტული ინფორმაციების მიღება ვერ მოახერხა.
„დღეს არასრულწლოვნების ახსნა-განმარტების მიღებისას ასევე ვეცდებით, რომ მათგან მივიღოთ ახალი დაზუსტებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ”, – განაცხადა აბესაძემ.
როგორც აბესაძე აცხადებს, შსს-მ დაკარგა ძალიან ძვირფასი დღეები, 7-8 თვე, რათა ყველა მოწმისგან მიეღო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია.
„გუშინ არასრულწლოვანმა, რომელიც საუბრობდა ახალი ვერსიის დეტალებზე პირდაპირ განაცხადა, რომ თუკი მას ამის შესახებ საუბარი მოუწევდა 2017 წლის დეკემბრის თვეში, მას შეეძლებოდა უფრო მეტი დეტალი აღდგენა და უფრი მეტი სიზუსტით მოყოლა, იმ დიალოგებისა თუ გარემოებების შესახებ, რომელსაც ისმენდა და უყურებდა. ეს დრო სამწუხაროდ არის დაკარგული და დიახ, დღეს შსს მართლაც უნდა მუშაობდეს 24-საათიან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში და არ არის პრობლემა თუკი ისინი საგამოძიებო კომისიას ვერ აწვდიან ოპერატიულად მასალას. ჩვენ არ გვაქვს ეს მოთხოვნა. მთავარია, მათ ძალიან სწრაფად გადაამოწმონ საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი გარემოებები და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში აცნობონ შედეგები”, – განაცხადა აბესაძემ.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა. თუმცა, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა არ დააკონკრეტეს, ვის მიმართ ან რა ახალი ვერსია გამოიკვეთა ხორავას ქუჩის საქმეზე.
კომისიის წევრების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს უკვე გამოკითხული ჰყავს.