ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვანსაც მოუსმენს, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა
ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვანსაც მოუსმენს, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დღეს ის არასრულწლოვანიც გამოიკითხება, რომელიც თავის დროზე არ გამოკითხულა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას იმედი აქვს, რომ დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც პასუხგაუცემელ კითხვებს უპასუხებს.

„გუშინ საზოგადოებამ მოისმინა მინისტრის განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები თავის დროზე არ ჩატარებულა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაკვირვებული კითხულობდა, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს ამას დამდგარ შედეგთან, როდესაც დამდგარი შედეგი გვაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა იმ ბუნდოვანი გარემოებების შესახებ, რომელიც პირველ რიგში, უკავშირდება დათო სარალიძის მკვლელობას.

გვყავს მოკლული არასრულწლოვანი და ჯერ არ გვყავს დადგენილი მკვლელების ვინაობა. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი გამოკითხვა, მათ შორის, იმ არასრულწლოვნისა და ფიგურანტის, რომელიც თავის დროზე არ იყო გამოკითხული. ასე რომ, იმედი გვაქვს, მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პასუხი გავცეთ შეკითხვებს, რომლებიც ჯერ პასუხგაუცემელია.

როგორც ყველა სხვა არასრულწლოვანთან ვინც ფიგურირებს ჩხუბში, რა თქმა უნდა, ვეცდებით, აღვადგინოთ სრული სურათი ხორავას #4-ის ეზოში ვინ იმყოფებოდა, რა ადგილას, ჩხუბის რომელ ეპიზოდში მონაწილეობდა და რაც მთავარია, როგორ ხედავდა დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს.

ასევე, ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როგორ მოხდა ეზოდან წამოსვლა, რა ინფორმაციას ცვლიდნენ არასრულწლოვნები ერთმანეთში, შემდგომ რა გაუგიათ ერთმანეთისგან და ერთმანეთის შესახებ და ა.შ.

სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვა, ზოგ შემთხვევაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გამოვკვეთეთ ახალი გარემოებები. იმედი გვაქვს, დღევანდელი გამოკითხვაც იქნება შედეგიანი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ოთხ არასრულწლოვანს გამოკითხავს.