ირაკლი აბესაძე - მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ფარულად მიმდინარეობს, რაც დააზიანებს პროცესს
ირაკლი აბესაძე - მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ფარულად მიმდინარეობს, რაც დააზიანებს პროცესს

ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვა გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, მაგრამ ასე ფარულად და ასე მალულად ამ პროცესების წარმართვა, დამიჯერეთ, რომ მნიშვნელოვნად დააზიანებს საერთო საქმეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, გაუგებარია ის პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხს ეხება.

„ვიხილეთ არაერთი ბრალდება ორ გუნდს შორის რეგლამენტის დარღვევაზე, ვინ როგორ მოქმედებდა და ა.შ., მაგრამ ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო საკითხი. მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხად რაც იქცა თითქოს ამ დაპირისპირების გამოტანის მიზეზად, ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი და პროცესი, რომელიც კვლავ გრძელდება ფარულად. ფაქტობრივად, ვერ გავიგეთ, რა პროცესი მიმდინარეობს, რატომ არ არის ჩართული თუნდაც ოპოზიცია იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები იმ კრიტერიუმების შემუშავებაში, რომელზედაც თითქოს ვიღაც უნდა მუშაობდეს. ამ პროცესის გაგრძელება ასე ფარულად არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ან უფლებამოსილება, გავაკეთოთ განმარტებები საჯაროდ, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა პროცესი მიმდინარეობს, რა ვადებში იქნება, როდის იქნება დაინტერესებული ყველა მხარე ჩართული ამ პროცესში, რომ რეალურად არ მივიღოთ ის სია, რომელიც უკვე იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ სჯერა იმ რეფორმის წარმატების, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ აუცილებელია, პროცესი იყოს გამჭვირვალე.

„გასაგებია, აბსოლუტურად სხვადასხვა ხედვა გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, მაგრამ ასე ფარულად და ასე მალულად ამ პროცესების წარმართვა, დამიჯერეთ, რომ მნიშვნელოვნად დააზიანებს საერთო საქმეს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.