ირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს
ირაკლი აბესაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით პოპულისტურს და გაუგებარს უწოდებს.

როგორც ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი ტიპის განცხადებები აფუჭებს  გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად უნდა იბრძოლონ.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ივანიშვილთან ბრძოლისას პროდასავლური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთი ფორმით თავს არ დაესხან. უნდა იყოს პოლემიკა და დებატი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთის გაკრიტიკება ლეგიტიმურად მიგვაჩნია. მაგრამ ისეთი, რბილად რომ ვთქვა, პოპულისტური და გაუგებარი შინაარსის პიროვნული თავდასხმა, როგორიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, გაუგებარია და რა თქმა უნდა, აფუჭებს გარემოს, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ბრძოლით უნდა დაამარცხონ ივანიშვილი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.