ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში არ უნდა იყოს პროგრამები, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალ შესაძლებლობას ქმნის
ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში არ უნდა იყოს პროგრამები, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალ შესაძლებლობას ქმნის

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში ასეთი პროექტების არსებობა თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაღალ შესაძლებლობას ქმნის.

აღნიშნულის შესახებ ირაკლი აბესაძემ პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს“ წარადგენს.

აბესაძე დაინტერესდა, მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა ფინანსთა სამინისტროს მსგავსი პროგრამების ბიუჯეტში გათვალისწინება.

„თქვენივე პროკურატურას როდესაც გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვები და კითხვები მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ, რომ მან საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა და საკუთარი ოჯახის წევრების კომპანიებს მოახმარა, ასეთი პროგრამა არსებობს ბიუჯეტში, თქვენ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ ეს პროექტი დარჩეს ბიუჯეტში და ახლა მინისტრმა ქობულიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ თავის ნათესავს მოახმაროს საბიუჯეტო სახსრები, ეს არის ფინანსთა სამინისტროს პოზიცია“? – ჰკითხა აბესაძემ კაკაურიძეს სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი პროექტები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხების საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენების რისკებს წარმოშობს.

„როდესაც ბიზნესის განვითარებაზე ვსაუბრობთ და თქვენ მიზანმიმართულად დებთ ბიუჯეტში პროექტს, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ამ თანხების საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენების ძალიან მაღალ შესაძლებლობას ტოვებს, ასეთი პროექტები ბიუჯეტში არ უნდა იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერს, რომ დიდწილად „აწარმოე საქართველოში” არ ფლობს ინფორმაციას პრობლემური ბენეფიციარების შესახებ, ანუ გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ ფელამუშის კუბების წარმოება, არ ვიცით, ფელამუშის კუბები ვინმემ აწარმოა თუ არა. გარდა იმისა, რომ დავაფინანსეთ ფეხსაცმელების კალაპოტების წარმოება, იმასაც კი აღარ ვაკონტროლებთ, კალაპოტები აწარმოეს თუ არა.  ეს არის გაფლანგვა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე არასწორი, კორუფციულად დაგეგმვა, რაც შეიძლება არ მოგწონდეთ თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე“, – მიმართა კაკაურიძეს აბესაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დაღვევა შეიძლება ნებისმიერი პროგრამისა და შესყიდვის ფარგლებში მოხდეს, ხოლო თუ რომელიმე თანამდებობის პირმა რაიმე სახის დარღვევა ჩაიდინა, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

რაც შეეხება პროგრამებს, კაკაურიძის თქმით, მათი მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები, რომელიც არსებობს ბიუჯეტში, რომ გარკვეულ კატეგორიას, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს ხელი შეეწყოთ. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ეს პროგრამა, როგორ ჰქონდეს მეტი ეფექტი. მე მიმაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ასეთი პროგრამები“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბიუჯეტში არსებული ნებისმიერი პროგრამის გაუმჯობესების სივრცე არსებობს, რათა ის მეტად ეფექტიანი გახდეს.