ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნა აღარ შეიცვლება, ის შსს-სა და პროკურატურისთვის შესასრულებლად სავალდებულოა
ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიის დასკვნა აღარ შეიცვლება, ის შსს-სა და პროკურატურისთვის შესასრულებლად სავალდებულოა

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს, ხელი დააფაროს სერიოზულ, მათ შორის, დანაშაულებრივ დარღვევებს, რომელსაც ჩადიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე როგორც პროკურატურასა და შსს-ში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან”, ირაკლი აბესაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა აღარ შეიცვლება. როგორც აბესაძემ აღნიშნა, ეს დასკვნა უკვე მიღებულია და შსს-სა და პროკურატურისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საერთო დადგენილებაზე მუშაობა და კონსულტაციები მმართველ გუნდთან, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, სადაც შეიძლება, რამე დათმობაზე წასვლისა და საერთო მიზნის მიღწევის ფართო შესაძლებლობა არსებობდეს. 

„აქ არის საზოგადოებისგან ძალიან პრინციპული მოლოდინი და პრინციპული აუცილებლობა სამართლიანობის აღდგენის, დადგენის კუთხით – ერთი, გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა და აუცილებლად დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ჩადიოდნენ იმ ძალიან მძიმე და სერიოზულ დარღვევებს, რამაც საბოლოო ჯამში, გამოძიების ტენდენციურად, არაობიექტურად და მიკერძოებულად წარმართვა გამოიწვია, მხოლოდ ერთი ოჯახის წევრების მიმართ“, – განაცხადა აბესაძემ.

აბესაძემ ასევე განაცხადა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა მიზანმიმართულად ფარავდა და ცდილობდა, მ.კ-ს ხელში ცივი იარაღის არსებობის შესახებ ვერსია არ გამოეჩინა.

მისივე განცხადებით, პირველ დეკემბერს, მირზა სუბელიანის გამოჩენამდე, შსს-მ ძალიან ინტენსიურად და თანმიმდევრულად დაიწყო მოწმეების დაკითხვაც და საქმის გამოძიებაც, მაგრამ მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, ადამიანების დაკითხვა საერთოდ შეწყდა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ბერკეტი აქვს კომისიას, რომ რეკომენდაციების აღსრულება მოხდეს, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ პოლიტიკური და მათ შორის, სამართლებრივი ბერკეტები, რომელსაც მაქსიმალურად გამოიყენებენ.