ირაკლი აბესაძე - ხე-ტყით სარგებლობის წესების მოწესრიგებისთვის ხელისუფლებას ექვსი წელი ჰქონდა
ირაკლი აბესაძე - ხე-ტყით სარგებლობის წესების მოწესრიგებისთვის ხელისუფლებას ექვსი წელი ჰქონდა

ხელისუფლების ის ნაბიჯები, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხე-ტყით სარგებლობის წესების მოწესრიგებისთვის ხელისუფლებას ექვსი წელი ჰქონდა.

„ხელისუფლების ის ნაბიჯები, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია. ზოგადად ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ორიენტირებული უნდა იყოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იმ სიღარიბის დაძლევაზე, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებშია გაზრდილი. ასევე ორიენტირებული უნდა იყოს იმ ცალკეული სფეროების მოწესრიგებაზე, რომლისთვისაც მათ მთელ ექვსი წელი ჰქონდათ, მათ შორის ხე-ტყით სარგებლობის წესების მოწესრიგებაზე.

ასე რომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, რა თქმა უნდა, განხილული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ერთი მხრივ შესაძლებელს ხდიდეს ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები და მეორე მხრივ, გარემოს არ უნდა ადგებოდეს იმგვარი ზიანი, რომელიც არაა პროპორციული ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებთან და ინტერესებთან. ზოგადად, ეს სფერო, როგორც ეკონომიკის სფერო, დასარეგულირებელია და ამ მიმართულებით მთავრობას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა აბესაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.

ამასთან, ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.