ირაკლი აბესაძე - კარგია, როცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება, მაგრამ სერიოზული კითხვები ჩნდება
ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი აბესაძეს აინტერესებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში რამენაირი ფორმატით რატომ არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი.
როგორც ჟურნალისტებს აბესაძემ განუცხადა, ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი სფეროა იმ გამოწვევების ფარგლებში, რომელიც არსებობს.
„კარგია, როცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება, მაგრამ სერიოზული კითხვები ჩნდება – რამდენად ქმედითი და ადეკვატური იქნება იმ გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე, რაც ქვეყანაში არსებობს. ასევე, რატომ არ მონაწილეობს არანაირი ფორმით საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს როგორც საგანგებო, ასევე საომარი მოქმედებების დროს, როგორ არის პარლამენტის განსაზღვრული როლი, ბევრი კითხვა ჩნდება, რათა გამართული აპარატი მივიღოთ. პრობლემა ჩანს საბჭოს მდივანთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება. მდივანი შესაძლებელია, რომელიმე მინისტრი იყოს, ან სუს-ის ხელმძღვანელი, თუმცა მნიშვნელოვანია, საბჭოს მდივანი ის პირი იყოს, რომელიც მუდმივად იქნება დაკავებული საბჭოს ფუნქციების შესრულებით. ამ ნორმამ შესაძლოა, ფუნქციების აღრევა გამოიწვიოს მთავრობისა და საბჭოს ფუნქციებს შორის“, – განაცხადა აბესაძემ.
თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით ამ წუთებში განიხილავენ. დეპუტატებს ცვლილებების არსს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცნობს.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.
„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.