ირაკლი აბესაძე - იპოდრომზე პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიამ 2007 წელს აიღო, 13 წელია, ეს ვალდებულება არსებობს
ირაკლი აბესაძე - იპოდრომზე პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიამ 2007 წელს აიღო, 13 წელია, ეს ვალდებულება არსებობს

„ქართუ ჯგუფმა“, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზეს საზოგადოებას, თითქოს, იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე.

ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სინამდვილეში, იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან.

„ანუ 13 წელია, ეს ვალდებულება არსებობს. სინამდვილეში, აგიხსნით რა დააბრუნა ივანიშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენად დაბრუნდა იპოდრომი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მერიის საკუთრებაში. ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, რადგან აქ მშენებლობას საზოგადოება არ დაუშვებს, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო რვა ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, „ქართუ ჯგუფმა“ დაიტოვა საკუთრებაში.

სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს, მოგების მიღების ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო. მთავარი შეკითხვა კალაძესთან – აპირებს თუ არა ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე მოახდინოს განაშენიანება სასტუმროების, რესტორნების თუ ასე შემდეგ? შეკითხვა „ქართუ ჯგუფს“ – რატომ დაიტოვეს საკუთრებაში რვა ჰექტარი და რატომ სრულად არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და თუ უნდათ, რომ საშვილიშვილო ქველმოქმედებად გაასაღონ?

და მთავარი მოთხოვნა – თუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე და სურს ამისთვის პოლიტიკური ქულების ჩაწერა, მაშინ დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს რვა ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების თუ ბიზნესცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში და თაბორის მთაზე. ანუ, ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს ივანიშვილი სარეკრეაციო ზონაში.

„ქართუ ჯგუფმა“ გააკეთა განცხადება რომ 36 ჰექტარი ბრუნდება საკუთრებაში მაშინ როდესაც დაახლოებით 50 ჰექტარი აქვს „ქართუ ჯგუფს“ და რეესტრში შეტანილი საბუთებით მტკიცდება, რომ ბრუნდება ცენტრალური მოედანი და ის ქედი, რომელსაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება, ქონდეს სადაც მშენებლობა ვერ განხორციელდება. ამიტომ, იპოდრომი დაბრუნდა საზოგადოების საკუთრებაში ეს არის ნაწილობრივ ტყუილი და მნიშვნელოვან ნაწილში ეს არის ტყუილი.

არ არის ეს ივანიშვილის საჩუქარი ეს ტერიტორია რომ დარჩენილიყო ივანიშვილის საკუთრებაში ივანიშვილს ხელშეკრულებით აქვს აღებული თავის დროზე ვალდებულება, რომ აქ მოეწყობა პარკი და არა ივანიშვილს მის წინა მესაკუთრე კომპანის ვისგანაც იყიდა და ეს ვალდებულება გადაყვა „ქართუ ჯგუფს“. აქ ისედაც და ასედაც პარკი უნდა მოწყობილიყო და ყოველ შემთხვევაში ივანიშვილი თავის სასტუმროს ვერ ააშენებს და ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდა.

ორივე ხელისუფლების პირობებში ეს იყო უკვე კერძო საკუთრება, არსებობდა ვალდებულება პარკის აშენების, დიახ, ცუდია, რომ აქამდე არ აშენებულა. კარგი იქნება, თუ აქ პარკი გაკეთდება, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, იმ რვა ჰექტარ მიწაზე პარკის გვერდით ააშენებს ივანიშვილი სასტუმროს ან მორიგ ბიზნესცენტრს. ძალიან ცუდი იქნება, თუ მოხდება იმ ძალინ ხშირი გამწვანების გაჩეხვა, რომელიც იპოდრომის მოედნის იმ ნაწილში გვაქვს რომელსაც ის თავისთვის იტოვებს“, – განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა თემაზე, რომ 2007 წელს იპოდრომის ნაწილს მოეხსნა ტყე-პარკის სტატუსი და გადაეცა „ჟოკეი კლუბს“.

„სარეკრეაციო სტატუსი იპოდრომის ტერიტორიას მიენიჭა 2011 წელს, მანამდე ეს სტატუსი არ ქონია. 2007 წელში კი არ გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ იპოდრომის ტერიტორია, ტერიტორიის 58 ჰექტარი 1998 წელს განკერძოვდა და მხოლოდ ერთი ჰექტარი, რაც იყო დარჩენილი, გამოვიდა აუქციონზე, გაიყიდა მაშინ ათ მილიონ დოლარად და ჩაიდო ვალდებულება, რომ აქ გაკეთდებოდა ცენტრალური პარკი 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. ეს იყო „ჟოკეი კლუბის“ მიერ აღებული ვალდებულება და ეს ვალდებულება გადაყვა „ინვესტ კაპიტალსაც“. ეს ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. კარგია, თუ როდესმე ივანიშვილი „ლაგუნა ვერესაც“ აამუშავებს ან იპოდრომზე პარკს გააკეთებს მაგრამ, ძალიან ცუდია, როდესაც იპოდრომის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს გამიჯნავ, დაიტოვებ პირად საკუთრებაში. აქ შეუძლებელია, რამე ააშენო, მისთვის წამგებიანი აქტივია და მოიშორა, ხოლო იქ, სადაც მას თეორიული წარმოდგენა აქვს, სადაც შეიძლება, ააშენოს სასტუმრო ან ბიზნესცენტრი, ის დაიტოვა. საკუთრებაში რომ დაეტოვებინა პარკი, მაინც უნდა გაეკეთებინა, რა მნიშვნელობა აქვს საქალაქო პარკი საკუთრებაში იქნება თუ არა. უფრო მეტიც, სამომავლო საექსპლუატაციო ხარჯი მისი ვალდებულება იქნებოდა თუ საკუთრებაში დაიტოვებდა, „ბლექ სი არენას“ მსგავსად ააშენა და მოგვცა. რა არის ცუდი, ხალხი კითხულობდა და მარტო შარშან, ერთი წლის განმავლობაში, ექვსი მილიონი დაგვიხარჯავს „ბლექ სი არენას“ შენახვაზე. თუ თვითონ დაიტოვებდა, ის ექვსი მილიონი თვითონ უნდა დაეხარჯა და გადასცა ბიუჯეტს, ბიუჯეტს დაახარჯინა. იგივეა აქ, პარკი რომ აეშენებინა და უნდა აეშენებინა, რომ დაეტოვებინა საკუთრებაში, შემდგომ საექსპლუატაციო ხარჯი თვითონ უნდა გაეწია. კი, ბატონო, დახარჯავს რაღაც ფულს და გააკეთებს, მაგრამ გააკეთებს იმიტომ, რომ გვერდზე სასტუმრო აუშენოს, ბიზნესცენტრი და იქ მოგება ნახოს, ეს არის ცუდი.

ივანიშვილმა ეს ტერიტორია საკუთარი კერძო კომპანიისგან საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გამოისყიდა 60 მილიონ ლარად და აღმოჩნდა, რომ გამოისყიდა იმიტომ, რომ შემდგომ სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა. ეს არის შავით თეთრზე ნაწერი და გაშიფრული თაღლითობა. თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო კომპანიიდანვე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. რატომ გადაიდო ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში 60 მილიონი ლარი? აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა – ხომ არ არის „ქართუ ფონდში“ ოფშორული კომპანიებიდან ჩარიცხული შემოწირულობა უკანონო წარმომავლობის და ხომ არ ხდება ფულის გათეთრება? და ასევე, როდესაც ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიდო ეს 60 მილიონი, ხომ არ სურს, ეს ფული ცადოს, გამოიყენოს უკანონოდ „ქართული ოცნების“ პარტიული საქმიანობის დაფინანსებისთვის?“ – აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.